TV-Radio მედია


Radio1 _ სამზეოს შევრჩეთ მარად _ წარმატებული კონცერტი დედოფლისწყაროში

12 აპრილს ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლის "ჰერულა" წევრებმა და დებმა ნაყეურებმა რეგიონალური ტურნეს ფარგლებში დედოფლისწყაროში გამართეს პირველი კონცერტი სახელწოდებით _ "სამზეოს შევრჩეთ მარად".

დები და ანსამბლის წევრები დედოფლისწყაროში კონცერტის წინა დღით გაემგზავრნენ, სადაც მათ მასპინძლობდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

იმ დღესვე მომღერლები ეწვივნენ დედოფლისწყაროს მუზეუმსა და მუსიკალურ სკოლას, სადაც მოუსმინეს დედოფლისწყაროელ ბიჭს, მალხაზ უძილაურს, რომლის შერჩევაც მოხდა წინასწარ.

ამასთან დაკავშირებით, კონცერტის შემდეგ, მომღერალმა ნინო ნაყეურმა აღნიშნა: "აღმოჩენა, _ მალხაზ უძილაური ნიჭიერი და გამორჩეული ტემბრის მქონე დედოფლისწყაროელი ბიჭი. ტურნეს ფარგლებში, "სამზეოს შევრჩეთ მარად", ჩვენი რეგიონებში ჩასვლის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მოტივირება. მალხაზს სტუდია "არაგვიანში" ჩავუწერთ სიმღერას და გავუკეთებთ ვიდეორგოლს ჩვენს youtube არხზე. მალხაზმა ასევე "მაგთისგან" მიიღო მობილური ტელეფონი, რომელიც, ძალიან ჭირდებოდა და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გიორგი ცისკარიძეს. შემოგვიერთდით მეგობრებო, კერძო თუ საჯარო კომპანიებო და ერთად შევცვალოთ ნიჭიერი ახალგაზრდების მომავალი".

საკონცერტო დღის დილიდან კი რაიონში ანსამბლ "ჰერულას" წევრები და დები ერთად შეუდგნენ შეხვედრებს.

ქართული ხალხური სიმღერისა და ზოგადად ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით ისინი ეწვივნენ დედოფლისწყაროს რაიონის საჯარო სკოლებს, ასევე წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატისა და სოფელ გამარჯვების (ხორნაბუჯის) სკოლის მოსწავლეებს. ახალგაზრდებში ქართული ფოლკლორისადმი ინტერესისა და მოტივაციის ზრდის მიზნით მომღერლებმა ბავშვებს ქართული ფოლკლორიდან შეკითხვები დაუსვეს და გამარჯვებულებს კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადასცეს საჩუქრად.

ამის შემდეგ საპატიო სტუმრებმა გადაინაცვლეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, რომლის ინფრასტრუქტურას, უპირატესად კი გახმოვანების შესაძლებლობას მაღალი შეფასება მიანიჭეს. ერთსაათიანი შესვენების შემდეგ კი დაიწყო დღის მთავარი მოვლენა, კონცერტი _ "სამზეოს შევხვდეთ მარად".

ღონისძიების მხარდამჭერი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი.

კონცერტზე ჰერეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჰერულამ" შეასრულა ქართული ხალხური სიმღერის ტრადიციული ნიმუშები, ხოლო დები ნაყეურები საყოველთაოდ პოპულარული საავტორო სიმღერებით წარსდგნენ მაყურებლით სავსე დარბაზის წინაშე. აქვე თითო მუსიკალური ნომერი დაეთმოთ ადგილობრივ დებს _ ლოლაშვილებს და ტურნეს ფარგლებში აღმოჩენილ ნიჭიერ დედოფლისწყაროელ ბიჭს, მალხაზ უძილაურს. ამ უკანასკნელს, როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიულ შემსრულებელს, კომპანია "მაგთიკომისგან" საჩუქრად გადაეცა მობილური ტელეფონი.

ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელები და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. საღამოს დასასრულს მომღერლებმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.

ანსამბლი "ჰერულა" და "დები ნაყეურები" საკონცერტო ტურნეს საქართველოს სხვა რაიონებში აგრძელებენ.

1) ვასილ პაპიაშვილისა და ნინო ნაყეურის ჩართვა საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პიკის საათი", 12 აპრილი 2016 წელი

2) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია ანსამბლ ჰერულასა და დები ნაყეურების მიერ დედოფლისწყაროს რაიონის მოსწავლეებთან შეხვედრის შესახებ

3) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ინფორმაცია კონცერტის შესახებ

4) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია კონცერტის შესახებ

2016.04.15
2016-04-15 07:54:58
image ful zoom

www.000webhost.com