სიახლეები


ანსამბლ ჰერულას ხელმძღვანელი დიასპორის ფორუმზე წარსდგა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27-28 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლის იუბილის ფარგლებში გამართულ დიასპორის ფორუმში მონაწილეობა მიიღო ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის „ჰერულა“ ხელმძღვანელმა, გიორგი პაპიაშვილმა. მან მოხსენება გააკეთა კულტურის განყოფილებაში. ანსამბლ ჰერულას ხელმძღვანელის მხრიდან უმთავრესად აქცენტი გაკეთდა კახის ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობაზე. ქვემოთ წარმოდგენილია ანსამბლის მიერ დასმული საკითხის სრული ტექსტი და სამინისტროს სამადლობელი წერილი.




ფოლკლორული ანსამბლ „ჰერულას“ ხელმძღვანელს
ბატონ გიორგი პაპიაშვილს

ბატონო გიორგი,

ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27-28 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლის იუბილის ფარგლებში გამართულ დიასპორის ფორუმში მონაწილეობის მიღებისა და იმ უაღრესად საინტერესო მოხსენებისთვის, რომელიც თქვენ კულტურის თემატურ ჯგუფში წარმოადგინეთ.

ჩვენი თანამემამულეების საქმიანობისა და მიზნების შესახებ მოწოდებულმა ინფორმაციამ, განათლების, კულტურის, მედიისა და სახალხო დიპლომატიის, ბიზნესისა და ეკონომიკის სამუშაო ჯგუფებში გაჟღერებულმა ახალმა ინიციატივებმა და წინადადებებმა, რომლებიც მიმართული იყო სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის გზების ძიებისკენ, საშუალება მოგვცა ნათლად დაგვენახა დიასპორის წინაშე არსებული ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული დიასპორის მიერ ერთობლივად არის გადასაჭრელი. აგრეთვე, განგვეხილა ის პერსპექტივები, რომელიც ქართული დიასპორის პოტენციალის გამოყენებით და აქტიური ჩართულობით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

თემატურ ჯგუფში თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები სათანადოდ იქნება გაანალიზებული და გათვალისწინებული სამინისტროს შემდგომ საქმიანობასა და სამოქმედო გეგმაში, ჩვენი საერთო მიზნების წარმატებით მისაღწევად, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მდგრადი, უწყვეტი კავშირის ჩამოსაყალიბებლად.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში!





ამონარიდი დიასპორის ფორუმზე ანსამბლ ჰერულას ხელმძღვანელის მოხსენებიდან

ჩემი, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე ჰერეთის ყველაზე აქტიური გუნდის, ერთადერთი სტაბილურად მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის, ჰერულას ხელმძღვანელის დღევანდელ გამოსვლაში მინდა აქცენტი გავაკეთო კახში კულტურის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი რვაწლიანი მოღვაწეობის, განვლილი რთული გზისა თუ მიღწეული წარმატებების ფონზე, ანსამბლის თითოეულ წევრს ერთი სამწუხარო ფაქტი გულში ხინჯად გვაქვს დარჩენილი. არაერთ რეგიონში გამართულ მშვენიერ კონცერტზე წარვმდგარვართ მაყურებლის წინაშე, მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მშობლიურ მხარეში მაღალი ხარისხის მუსიკალური ღონისძიების ჩატარებისა და ჰერელი მსმენელისათვის ჩვენი შესაძლებლობების, ცოცხალი შესრულების სრულფასოვანი მიწოდების საშუალება არ გვქონია. საუბარია ხარისხიან ღონისძიებაზე, ხარისხიანი ვიზუალური გაფორმებითა და აუდიო-გახმოვანებით, თორემ, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათთვის სტიმულის მიცემის მიზნით, მათ მიერ ორგანიზებულ არაერთ პატარ-პატარა ღონისძიებაში მიგვიღია მონაწილეობა არასრული შემადგენლობით, ცხადია ანაზღაურების გარეშე.

თვიდან-თვემდე, წლიდან-წლამდე ისე გადის დრო, ერთი საშუალო დონის კონცერტი ან ღონისძიება არ იმართება კახში. თაობა ისე იზრდება, რომ ქართულ კონცერტებთან, ხალხურ სიმღერასთან უშუალო შეხება არ აქვს. და ეს იმიტომ, რომ ქართული კულტურის ცენტრის შენობა განადგურებულია, ხოლო ქართული კულტურის სახლი (ანუ საკონცერტო დარბაზი) სავალალო მდგომარეობაშია და ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს კონცერტის მიღებას.

კახის ქართველები ზოგიერთ შემთხვევაში გულისწყრომას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, იმდენად, რამდენადაც ეიმედებათ ჩვენი. მიაჩნიათ, რომ, რიგითი მოქალაქე ვერ იტყვის ისეთ წონიან სიტყვას კულტურის ცენტრის აღდგენის თვალსაზრისით, როგორც ჰერეთის სახელით კულტურის სფეროში მოღვაწე უმთავრესი გუნდი, ანსამბლი ჰერულა.

ამ ლოგიკით, ჩვენ მართლაც ვგრძნობთ ჩვენს წილ ვალდებულებას კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენის საკითხში. წლებია, რაც სხვადასხვა გზით ვცდილობთ, როგორც პრობლემის საჯარო სივრცეში დაფიქსირებას, ასევე მისი გადაჭრის გზების მოძიებას. ჯერ კიდევ 2013 წელს ანსამბლ ჰერულას მაშინდელ ხელმძღვანელს ჰქონდა სატელევიზიო საუბარი კულტურის ცენტრის აღდგენის გადაუდებელი საჭიროების შესახებ. ამ საკითხზე გვქონია არაერთი მიმართვა და სამუშაო შეხვედრა.

კახის ქართული კულტურის ცენტრთან დაკავშირებული პერიპეტიები ამგვარია: აღნიშნული კულტურის ცენტრი გაიხსნა 2001 წელს. 2009 წელს გაურკვეველ ვითარებაში ხანძრის შედეგად განადგურდა. დღის წესრიგში დადგა აღდგენის საკითხი. პრობლემური აღმოჩნდა შენობის აღდგენასთან დაკავშირებული ფორმალური მხარე. აღმოჩნდა, რომ მიწა, რომელზეც განადგურებული კულტურის ცენტრი დგას, ეკუთვნის არა კულტურის ცენტრს, არამედ სახელმწიფოს. 2012 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ კახის ქართული კულტურის ცენტრი აღდგებოდა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ფორმალური მხარის ირგვლივ მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის მომდევნო წლებშიც გრძელდებოდა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შეწყდა.

ვიდრე საკითხის ფორმალურ მხარეზე საუბარი ვსაუბრობთ, ამ წლების განმავლობაში კახში ქართველი ახალგაზრდობა ხარისხიან კულტურას ცოცხლად ვერ ეზიარება, რაც პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბების თვალსაზრისით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს კი, განსაკუთრებით მტკივნეულია ჰერეთის ფოლკლორულ ანსამბლ „ჰერულა“-სთვის, რამდენადაც სწორედ იმ კულტურის სფეროზეა საუბარი, რომელშიც ჩვენი ანსამბლი მოღვაწეობს.

დღეს ამ საკითხის წამოწევა ჩვენი მხრიდან გადადგმული მორიგი ნაბიჯია. აქვე გამოვთქვამთ სურვილს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი დაჩქარდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ამ მცდელობას ბევრი მხარდამჭერი შემოუერთდება.

გმადლობთ ყურადღებისათვის.



სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

2018-06-26 12:43:38

www.000webhost.com